• admin

ოკტოპუს ფიტნეს კლუბის განხილვა: რეიტინგი (9,4/10)

მოგესალმებით მეგობრებო. კომპანია livestyle გთავაზობთ ახალ რუბრიკას - „ სპორტ-დარბაზების განხილვა“. ეს რუბრიკა მიზნად ისახავს მომხმარებელს მიაწოდოს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია დარბაზებში არსებულ სიტუაციებზე, რაც თავის მხრივ ადამიანებს დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რომელ დარბაზში დაიწყონ თუ გააგრძელონ ვარჯიში. ჩვენ წინასწარ განვსაზღვრეთ 10 კრიტერიუმი, რის მიხედვითაც მოხდება ეს შეფასებები. მაშ ასე, ჩვენი პირველი სტუმარია, ფიტნეს-კლუბი „ოკტოპუსი“...


1. ადგილმდებარეობა

ფიტნეს-კლუბი ოკტოპუსი მდებარეობს სანდრო ეულის ქუჩა N 7-ში. მეტრო უნივერსიტეტთან. პარკინგი აქვს, პრობლემა არ იქნება, დილით 8 - საათზე თუ მიხვალთ, თავისუფლად გააჩერებთ მანქანას. საღამოს საათებში პარკინგი ფაქტიურად არ აქვს. შეფასება (0.9)


2. სავარჯიშო სივრცე

რაც შეეხება სავარჯიშო სივრცეს, იმხელაა შეგიძლიათ გარეთ პარკინგზე თუ არ დაგხვდათ თავისუფალი ადგილი, შემოხვიდეთ დარბაზში და იქ გააჩეროთ მანქანა. დარბაზში ფუნქციონირებს: იოგის, სპინინგის, ბოქსის და სინერჯის იზოლირებული ოთახები. საკმაოდ დიდი კარდიო და ძალიან კომფორტული დამოუკიდებელი სივრცე ძალისმიერი ვარჯიშებისთვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოწესრიგებული სავინტილაციო სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტ-დარბაზისთვის.

შეფასება (1.0)


3. გასახდელი და საშხაპე

გასახდელი არის საკმაოდ ტევადი და პრაქტიკული. დარბაზს აქვს პირსახოცების სერვისი, რაც ნამდვილად დიდი პლიუსია, რადგან არ გიწევთ პირადი პირსახოცის წინ და უკან ტარება, რეცხვა და გაშრობა, ხოლო ვარჯიშიდან სამსახურში წასვლა გაცილებით უფრო კომფორტულია. გასახდელში ასევე არის სასწორი (რომელიც ხანდახან არ მუშაობს), რამდენიმე ფენი და ყურის ჩხირებიც კი. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ლაგდება და მუდმივად სისუფთავეა. საშხაპე არის 10 ადგილიანი და ფაქტიურად არ გიწევს ლოდინი. ამასთანავე კარგი ვინტილაციის გამო არ შეგაწუხებთ ორთქლი და უჰაერობა. კაბინებში დაგხვდებათ შხაპის გელი. საპირფარეშოშიც დაცულია ჰიგიენის ნორმები.

შეფასება (1.0)

4. ტრენაჟორები

დარბაზში განთავსებულია თანამედროვე ტრენაჟორები, რომლებიც არის სრულად გამართული. არ არის დაჟანგული ჰანტელები და ღერძები. ყველა ტრენაჟორზე არის ინფოგრაფიკა თუ რომელ კუნთს ავრჯიშებს და როგორ უნდა გამოვიყენოთ. ყველა ტრენაჟორი დანომრილია, რაც აადვილებს მათ პოვნას და სავარჯიშო პროგრამის შედგენას. დარბაზში არის დისციპლინა, რაც უზრუნველყოფს, რომ სავარჯიშო აქსესუარები მუდმივად იყოს დალაგებული თავის ადგილზე.

შეფასება (1.0)


5. ინსტრუქტორები

დარბაზს ჰყავს 17 ფიტნეს-ინსტრუქტორი. პირველი აბონემენტის აღებისას საჩუქრად გაძლევენ ვაუჩერს, რომელშიც შედის 1 საათიანი კონსულტაცია მწვრთნელთან, 1 თვიანი სავარჯიშო პროგრამის შედგენა, სავარჯიშო ტექნიკების ჩვენება და ზოგადი რეკომენდაციები კვებაზე. ჩვენ მწვრთნელების კომპეტენციაში ეჭვი არ შეგვაქვს, თუმცა გვინდა ავღნიშნოთ ზოგიერთი მათგანის გულგრილი დამოკიდებულება დამწყები მოვარჯიშეების მიმართ, აქ საუბარი არ არის პერსონალური მწვრთნელობის გაწევაზე. მიგვაჩნია, რომ მწვრთნელმა, რომელიც ხედავს დარბაზში არასწორად მოვარჯიშე ადამიანს და შესაძლოა ამით ზიანსაც კი აყენებდეს საკუთარ ჯანმრთელობას, ელემენტარული ყურადღება უნდა გამოიჩინოს მის მიმართ. ეს პრობლემა აქტუალურია და სწორედ ამიტომ გავამახვილეთ ყურადღება მასზე...

შეფასება (0,8)

6. დარბაზის ტრაფიკი

დარბაზი თავისუფლად იტევს დიდი რაოდენობით მომხმარებელს, თან ისე რომ პრობლემა არ გექმნება ტრენაჟორებთან ლოდინის და რიგში დგომის.

შეფასება (1.0)


7. ბარი

ოკტოპუსის ბარი არის საკმაოდ მყუდრო და კომფორტული, რაც საშუალებას გაძლევთ ვარჯიშის შემდგომ დაისვენოთ და დააგემოვნოთ, როგორც ჯანსაღად მომზადებული საკვები, ასევე პროტეინის შეიკები. ფასებიც საკმაოდ მისაღებია. ბარი აღჭურვილია wifi-თ და ტელეფონის დამტენებით.

შეფასება (1.0)

8. პერსონალი

რაც შეეხება პერსონალს, ყველანი პოზიტიურები და მეგობრულები არინ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები, რაც დამატებითი კომფორტია მომხმარებლისთვის.

შეფასება (1.0)


9. სამუშაო საათები და ფასები

-სამუშაო საათებია 24/7, თუ ღამის 2-3 საათზე გსურთ რომ ივარჯიშოთ, შეგიძლიათ თამამად ესტუმროთ ოკტოპუსს. -დარბაზს აქვს მხოლოდ ულიმიტო აბონემენტი, რომელშიც შედის ნებისმიერ აქტივობაზე დასწრება და რომლის 1 თვის ღირებულებაცაა 140 ლარი.

-დარბაზი ასევე გვთავაზობს 3 და 6 თვიან შეღავათიან პაკეტებს. -პერსონალური მწვრთნელის მომსახურება კი ყოველთვიურად 225 ლარს შეადგენს. შეფასება (1.0)


10. საკვებდანამატები

ოკტოპუსში არის საკვებდანამატების კუთხე, სადაც მოვარჯიშეთათვის ყველა საჭირო საკვებდანამატის შეძენა არის შესაძლებელი, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფასებიდან გამომდინარე, პარკინგზე რომ მანქანს ვერ აჩერებდით შესაძლოა მისი დალომბარდება მოგიწიოთ, თუ რომელიმე დანამატის შეძენას გადაწყვეტთ.

შეფასება (0,7)


ჩვენი შეფასება ასეთია, საერთო რეიტინგი - 9,4. ნამდვილად მაგარი შედეგია და დამსახურებულად მიიღო ოკტოპუსმა. შესაძლოა ვინმე თვლიდეს, რომ უფრო მეტი ეკუთვნის, ან უფრო ნაკლები, მაგრამ ჩვენი ობიექტური შეფასება ასეთია.

წარმატებებს ვუსურვებთ ოკტოპუსის გუნდს.


P.S მოგვწერეთ მესენჯერში თუ რომელი დარბაზის განხილვა გსურთ

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია